ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები აქციის გაგრძელებას ხვალ გეგმავენ
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები ამ დრომდე გოგებაშვილის ქუჩაზე რჩებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აქცია დღეს დასრულდება, თუმცა მონაწილეები ხვალ ისევ შეიკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
„დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დღეს დაკავებული 30 პირიდან რამდენს გაათავისუფლებენ. დაგვპირდნენ, რომ ჩემს ქალიშვილს და იმ პირებს, ვინც პირველად დააკავეს, გაუშვებენ. ხვალ 12 საათამდე მოვიკითხავთ ამბავს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუმცა ორი დაკავებულის გათავისუფლებას, რის გამოც გავმართეთ აქცია, ისევ მოვითხოვთ და აქციებს გავაგრძელებთ”, – განაცხადა დაკავებული რეზო წულუკიძის დედა ნათელა წულუკიძემ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯემალ ჭელიძე აცხადებს, რომ მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს და ელოდებიან პასუხს, დაიცავენ თუ არა ისინი დაკავებულების უფლებებს. ჭელიძე ამტკიცებს, რომ დღეს აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი, აქციები კი, მისი თქმით, გაგრძელდება.
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან იმართება. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მოგვიანებით პოლიციასა აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე 30 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ამასთან დღეს შსს-მ გაასაჯაროვა კადრები, სადაც მათივე მტკიცებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის გამოც ბათუმში ორი პირი დააკავეს.