ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები ბათუმში მსვლელობას მართავენ
ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები ბათუმში მსვლელობას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს და მსვლელობას აწყობენ. მსვლელობის მონაწილეები ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის წარმომადგენელსაც შეხვდა და დაკავებული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დაკავებული რეზო წულუკიძის ძმა ფირუზ წულუკიძემ განცხადება დაკავების პოლიტიკურ მოტივზე გააკეთა. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობა სთხოვა, რაზეც უარი თქვეს და ამიტომ განხორციელდა დაკავებაც.