პოლიციამ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 30 პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 30 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში აქციის მონაწილე 30 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, შსს ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბათუმში პოლიციასა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან იმართებოდა. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.