ბათუმში აფეთქების დროს დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან
ბათუმში , ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერიის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში “ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, კორპუსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა საცხოვრებლად უკვე უვარგისია.
10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული ცხრა ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა.
ბათუმის მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას.