აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ აფლატუნ ამაშევს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების წინსვლის პროცესს.

ზურაბ პატარაძემ აფლატუნ ამაშევს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები“,- აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო ურთიერთობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.