„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის ყოფილ თავჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ პატარაძემ მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის, ბათუმის წყლის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქოქოლაძის სასარგებლოდ 2018 წელს მდინარე აჭარისწყალზე ხელვაჩაურის მერიას ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ჩაატარებინა, რომელიც ქოქოლაძის რესტორნის მოსაწყობად იყო საჭირო.

მისივე თქმით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ბიუტჯეტიდან 219,097 ლარი დაიხარჯა.

ხარაზს აუდიტის დასკვნა მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები ხელვაჩაურის მერიამ უკანონოდ ჩაატარა, რადგან ბათუმი-ახალციხის გზა ცენტრალური დანიშნულებისაა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება არის უფლებამოსილების გადამეტება.

რეზო ხარაზს ხელვაჩაურის მერი პასუხობს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მდინარე აჭარისწყალზე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ, სამუშაოების წარმოებისთვის მითითება არავისგან მიუღია და ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.

„მუნიციპალიტეტმა, პირადად მე ჩავთვალე, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობდა ინვესტიციის მოზიდვას. ჩვენ ინვესტიციებით არ ვართ განებივრებული. სრულდება კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ტურისტებს მოიზიდავს და ჩვენ შევძლებთ საზოგადოების დასაქმებას. სწორედ ამ მიზნით გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები,”- აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე

ოპოზიციის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში ისიც წერია, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაწყებამდე ხელვაჩაურის მერიას არ მიუმართავს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, რაც კანონით სავალდებულოა.