ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს – საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმსა და ნაყოფიერ ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში.

მხარეებმა ასევე მომოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა სურვილი, რომ 2021 წელს გააქტიურდეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტების  გაცვლის, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო, როგორც ეკონომიკური ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით.

საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.

ასევე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.