ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება

პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება.

ბათუმის ხელოვნების ცენტრში პრესკონფერენცია დღეს ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მხარდამჭერებთან ერთად გამართა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობითა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს მეშვიდედ გაიმართება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მაღალი პატრონაჟით ტარდება. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა. ასევე 7 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა არტ-ბანაკი ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება. 8 სექტემბერს გაიმართება ელისო ბოლქვაძის გალა კონცერტი ღია ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში.

9 სექტემბერს ჩოხატაურში, კულტურის სახლში გაიმართება ახალგაზრდა პიანისტების ბარბარე თათარაძისა და ილია ლომთათიძის კონცერტი.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები გიტარისტი კლაუდიო პიასტრა, ფლეიტისტი ლუიზა სელო, პიანისტები ალექსანდრე გაჯიევი, ლიდი სოლომონი, ალექსანდრა მასალევა და დავით ალადაშვილი, კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი, დირიჟორი ჯანკარლო დი ლორენცო ეწვევიან. ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უხელმძღვანელებს.

​ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.