ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი დღეს გამოცხადდება
ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენს დღეს გამოუტანს.
პროცესი ამ წუთებში იწყება. დღეს მხარეები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, გარკვეული დრო დაეთმობა რეპლიკებს, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
პროცესზე არ გამოცხადდა მერაბ ღოღობერიძე. ამის შესახებ მან სასამართლოს წერილობით აცნობა. მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავს, რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას ადვოკატი არ ჰყავს. ბრალდებულმა სახაზინო ადვოკატების აცილება რამდენიმე სხდომის წინ მოითხოვა.
პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩხვირკია პარტიიდან გარიცხეს, ენმ-ს წარმომადგენლები თითქმის ყველა სხდომას ესწრებიან.
ღოღობერიძე და ჩხვირკია აპრილში დააკავეს. საქმის განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.