ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 10 იანვარს გამოაცხადებს
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 10 იანვარს გამოაცხადებს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის განაჩენს მოსამართლე დავით მამისეიშვილი 10 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, განაჩენი დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა მოსამართლემ მხარეების დასკვნითი სიტყვების შემდეგ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული მოსაზრებები, ამიტომ გადაწყვეტილებას 10 იანვარს, 11:00 საათზე გამოვაცხადებ”,- განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა მერაბ ღოღობერიძე. ირაკლი ჩხვირკიამ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბატონო მოსამართლევ, მთელი რვა თვენახევრის განმავლობაში პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, პროკურატურა გატყუებთ. მე, საზოგადოებას, მასამართლებენ იმ პერიოდში მომხდარ დანაშაულებებზე, რა დროსაც ბათუმში არ ვყოფილვარ. მჯერა თქვენი კომპეტენციის და მაქვს იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ”,- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

პროცესს ჩხვირკიას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ.

„მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ დადგება გამამართლებელი განაჩენი, სხვა ყველაფერი ლოგიკას მოკლებული იქნება”, – განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა.

ჩხვირკიასა და ღოღობერიძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა მიმდინარეობს.