ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის “მასტერსის” საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში მოხვდა.
რუმინელი მარიუშ კოპილის სამ სეტში დამარცხების შემდეგ, კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილს მსოფლიოს მე-60 ჩოგანი, 36 წლის გამოცდილი ფრანგი ჟულიან ბენეტო ხვდებოდა.
პირველ სეტში ბასილაშვილი მხოლოდ სტარტზე გამოიყურებოდა კარგად და ბრეიკით დაიწყო შეხვედრა, რის შემდეგაც, ბენეტომ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:3 გაიმარჯვა პირველ სეტში.
ბასილაშვილი წაგების წინაშე დადგა, როცა მეორე სეტში ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა, შეძლო მეექვსე გეიმში დაკარგული მოწოდების დაბრუნება. სეტი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ქართველმა მე-12 გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი გაიფორმა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში ბასილაშვილმა თავიდანვე აიღო ბენეტოს მოწოდება და მშვიდად მიჰყავდა საქმე მოგებამდე, მაგრამ მაინც ვერ აიცილა თავიდან სირთულეები – მატჩზე ჩაწოდებისას, ნიკამ საკუთარი გეიმი წააგო, თუმცა მომდევნო გეიმში რიგით მეხუთე ბრეიკი შეასრულა და 2 საათსა და 23 წუთში 3:6, 7:5, 6:4 მოიგო.
ძირითადი ბადეში ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.