ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ციციპასს შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ციციპასს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. ქართველი სპორტსმენის მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იქნება. ბასილაშვილი და ბერძენი ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა ციციპასის გამარჯვებით დასრულდა.

ინდიან უელსის ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ნიკოლოზმა მეოთხედფინალამდე სამი მეტოქის დამარცხება შეძლო. პირველ წრეში მან ამერიკელ ეუბანკსს მოუგო, მეორე დაპირისპირებაში ესპანელ რამოსს სძლია, ხოლო მერვედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ბასილაშვილი ნახევარფინალში გერმანელ ზვერევსა და ამერიკელ ფრიცს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წელს ინდიან უელსის „მასტერსის“ ტურნირი არ ჩატარებულა. 2019 წლის გათამაშების გამარჯვებული კი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახლდათ.

ბასილაშვილისა და ციციპასის მეოთხედფინალური შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.