ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში ითამაშებს. მან ნახევარფინალში საათსა და 36 წუთში სამ სეტში მოუგო მსოფლიოს 69-ე ჩოგანს, ჩილელ ნიკოლას ხარის – 7:5, 0:6, 6:1.
პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პარტიის პირველი ნახევარი აშკარად ჩილელის უპირატესობით მიდიოდა – მან მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან: 5:3-ზე სამი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, 5:4-ზე კი სეტზე ვერ ჩააწოდა. ბასილაშვილმა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, 6:5-ზე კი 19-გათამაშებიან გეიმში მეოთხე ცდაზე გამოიყენა სეტბოლი და პარტია 7:5 მოიგო. ისე გამოვიდა, რომ ბასილაშვილმა 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო.
მეორე სეტში ბრძოლა არ ყოფილა – ხარიმ სამი ბრეიკი შეასრულა და 6:0 მოიგო. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელშიც ბასილაშვილმა თითქმის სრულფასოვანი რევანში აიღო – 6:1 მოიგო.
ბასილაშვილი კარიერაში მესამედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში. მანამდე ის კიტცბუელისა (2016) და მემფისის (2017) ტურნირების გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, მაგრამ პროფესიულ ტურში ჯერ ტიტული არ აქვს მოგებული. ჰამბურგის ფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება, რომელმაც სლოვაკ კოვალიკს სამ სეტში მოუგო – 6:7(6), 6:4, 7:6(7).
ბასილაშვილსა და მაიერს აქამდე პროფესიულ ტურში არ უთამაშიათ.