ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, მრავალსართულიან სახლში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრეები დარჩენილი კერების ლიკვიდაციას ახდენენ.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამ ეტაპზე მეხანძრეები შენობის ზედა სართულებზე შეღწევას ვერ ახერხებენ, სადაც ხალხი იყო ბლოკირებული.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო ავიაცია და 19 სახანძრო ბრიგადა.
მრავალსართულიან შენობაში, რომელშიც ოფისები და კაფეები მდებარეობს, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხტება შენობიდან ერთ-ერთი მოქალაქე. შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი.