ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა
ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა

ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში გამართული ბალტიის ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ასამბლეის წევრები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს, მზად არიან,  თანმიმდევრულად გაუწიონ მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს. ამ კონტექსტში, ასამბლეის წევრებმა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოებს, მთავრობებს და ასევე ბალტიის საბჭოს მინისტრებს, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” საკითხებზე რეკომენდაციით მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციაში ასამბლეა მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს აქტიურად დაეხმარონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს რეფორმირების პროცესსა და სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერების კუთხით; გააძლიერონ ევროკავშირისა და აშშ-ს თანამშრომლობა და კოორდინაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე განაგრძონ სუამის წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

ბალტიის ასამბლეა, მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს გაითვალისწინონ და მტკიცედ დაუჭირონ მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ასამბლეის 2017 წლის 10 ოქტომბრის მიმართვაში გაწეულ რეკომენდაციებს, სადაც დადასტურებულია მტკიცე მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ, აღნიშნულია დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობა, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კონსოლიდაციისა და გაძლიერების აუცილებლობა.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის ფედერაციის ზეწოლის შემცირების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე, ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

ბალტიის ასამბლეის პარალელურად, ესტონეთში გაიმართა ბალტიის საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის დიდი წარმატება ინსტიტუციონალური რეფორმების, კარგი მმართველობის, ეკონომიკური შესაძლებლობების განხორციელების კუთხით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი რეგიონები. ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე  უკანონო ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი გრძელდება. აღნიშნულ კონტექსტში, საბჭო რუსეთს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ბალტიის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

მთავრობათაშორისი, რეგიონული ორგანიზაციები ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის სახელმწიფოებს აერთიანებენ.