ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ხვალ გიორგი დგებუაძე (მასტერა) მოწმის სახით დაიკითხება
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ხვალ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ მოწმის სახით დაიკითხება.
„მასტერას“ გარდა, ხვალვე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაც იგეგმებოდა, თუმცა როგორც ცნობილია, ის საქართველოში არ იმყოფება. ოქრუაშვილმა 2007 წელს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განცხადება გააკეთა. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრობის პერიოდში მას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოცილება.
ხვალინდელ სხდომაზე ასევე კიდევ ერთი მოწმის, გამომძიებლის დაკითხვა იგეგმება.
რაც შეეხება დგებუაძეს, რომელიც ჰოლანდიიდან ექსტრადირების შემდეგ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მზადების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის ფიგურირებს ორივე ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც გამოძიების საქმეზე მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა. ჩანაწერების მიხედვით, ის დანაშაულის გეგმის მომზადებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მის მიმართ ბრალის წარდგენა ვერ ხერხდება, რადგან ამის უფლებას ქართულ გამოძიებას ჰოლანდია არ აძლევს, საიდანაც მისი ექსტრადირება სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა.
სასამართლო სხდომა ხვალ 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა 27 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის ადვოკატის სასამართლოზე არ გამოცხადების გამო გადაიდო.