ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული - ყველა ჩემი დაკავება პოლიტიკურად აქტიურ თემებს უკავშირდება
ყველა ჩემი დაკავება პოლიტიკურად აქტიურ თემებს უკავშირდება, – ეს განცხადება ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რევაზ შიუკაშვილმა სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
„დღეს გახდა ზუსტად სამი წელი, რაც დაკავებული ვარ. პოლიტიკურად აქტიურ თემას უკავშირდება ყველა ჩემი დაკავება. ეს და 26 მაისის აქციის დარბევის საქმეც. ყველა საქმე არის პოლიტიკური, ყველა ბრალი და თემა იყო პოლიტიკურად აქტიური. მე ჩემს თავს პოლიტიკურ პატიმრად ვთვლი. სტრასბურგში მივაღწევთ სამართალს“, – განაცხადა რევაზ შიუკაშვილმა.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.
ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე მასტერა, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.
პროკურატურის თქმით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.
შემდეგი სხდომა 15 აპრილს 10:00 საათზეა ჩანიშნული.