ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხა
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, რაზეც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ჩინოსნებს ბრალი აქვთ წარდგენილი, სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.
სხდომაზე დაკითხეს დაცვის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბესიკ ნადირაძე, რომელიც წარმოადგენდა დაცვის პოლიციას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ობიექტზე მეთვალყურეობას ახორციელებდა.
„2007 წელს ვმუშაობდი დაცვის პოლიციაში, კონკრეტულად ვიყავი დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ჩემი მოვალეობა იყო, პერიოდულად შემემოწმებინა თანამშრომლების მუშაობა, ობიექტები, მათ შორის რიტუალების სასახლე, პერიოდულად კი ობიექტები ურეკსა და ოქროყანაში.
დამიკავშირდა ვიღაც და წარმომიდგინა თავი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნად, რეზო შარიქაძედ. 2007 წლის დასაწყისში მთხოვა შეხვედრა. შევხვდით და ითხოვდა რამდენად კომპეტენტური იყვნენ თანამშრომლები და ასევე კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით. შემდგომ გავარკვიე, რომ შარიქაძე არ იყო და იყო შიუკაშვილი. ორი თვე გავიდა შემდეგ შევხვდი და დამისახელა სახელები და გვარები, თუ იყვნენ ჩემი თანამშრომლები. დასაცავ ობიექტებში არსებული სიტუაცია აინტერესებდა და ჩემი თანამშრომლების კომპეტენცია. კიდევ შედგა ეს შეხვედრა რამდენჯერმე. ერთ-ერთი შეხვედრა ჩემი თანამშრომლის დაკავებას უკავშირდებოდა. ვალდებულად ვთვლიდი თავს, როგორც დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და შსს-ს დანაყოფი, მიმეწოდებინა ინფორმაცია“, – განაცხადა ბესიკ ნადირაძემ.
ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის, ქეთევან მირიანაშვილის განცხადებით, მოწმის ჩვენებით ვერ დგინდება რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა შიუკაშვილის მხრიდან.
ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ სწორედ დაცვის სამსახურის წევრებზე და პატარკაციშვილის გადაადგილებაზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდა კუდ-ის ყოფილი წევრები მათი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით.
განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდება წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ ჩინოსნებს გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.