ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გიორგი მერებაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად ამზადებდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ბრალდების მხარის მტკიცებით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე მეტსახელად „მასტერა“, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებთან ლევან ქარდავასთან, რევაზ შიუკაშვილთან და გიორგი მერებაშვილთან ერთად თათბირზე განიხილავდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მომზადებას. მათ შორის ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მათ შეისწავლეს პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტები და ასევე მასთან მომუშავე პერსონალი, რითაც პროკურორის განცხადებით, გაუმარტივდებოდათ ბიზნესმენის ლიკვიდაცია და სწორედ ამ განზრახვით მოქმედებდნენ.
ბრალდებული გიორგი მერებაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ იზიარებს.
„ვერ მივხვდი, ვერ გავიგე რა უკანონო ქმედება განვახორციელე. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები საერთოდ უცნობია ჩემთვის. არაფერს უკანონოს არ ვახორციელებდი და საერთოდ, მოსმენებს არ ვახორციელებდი, ამას შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური აწარმოებს. რაც შეეხება მიმალვას, არ მესმის რატომ უნდა მივიმალო“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი მერებაშვილმა.
წარდგენილ ბრალდებას ასევე არ აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი. ის ფიქრობს, რომ არჩევნების წინ მისთვის ბრალის წარდგენა სპეციალურად ხდება, რაც პირველი შემთხვევა არაა.
„რატომ ხდება არჩევნების წინ ჩემთვის ბრალის წარდგენა. ეს მოხდა 2016 წელსაც, არჩევნების წინ 26 მაისის საქმეზე. პროკურორი მეუბნება, რომ ვისაც ევალებოდა დარბევა, ის სისტემის მსხვერპლიაო. ეს ყველაფერი არის ფალსიფიცირებული და თქვენ ყველაფერი მოგეთხოვებათ, სარკეში რომ ჩაიხედებით უნდა შეგრცხვეთ“, – განაცხადა რევაზ შიუკაშვილმა.
ბრალდებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას დაამტკიცებდა. მათივე განცხადებით, ის ჩანაწერი, რომელზეც გამოძიება მიუთითებს, ბრალდების მხარეს 2016 წელს ჰქონდა და რატომ მოხდა ორი წლის შემდეგ ამ ჩანაწერის საფუძველზე ბრალდების წარდგენა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.