ბაჩანა შენგელია - ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავ, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიო
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურის პასუხი, რომლითაც ია კერზაიას ახლო ნათესავს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა, არ არის დასაბუთებული და არ ემყარება კანონის ნორმებს.
ია კერზაიას შვილი მიმართავს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, გაუქმდეს უწყების გადაწყვეტილება, რომლითაც დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა.
„განცხადებაში არგუმენტად წერია, რომ ჯერ არ არის მიზეზობრივი კავშირი გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს მიზეზობრივი კავშირიც მათ უნდა გამოკვეთონ, შესაბამისად, პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტი აბსურდულია. საჩივარი შევიტანე მთავარი პროკურორის სახელზე. ვითხოვ ამ დადგენილების გაუქმებას და თვითონ მთავარი პროკურორის მიერ ჩემს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას. მაქვს არგუმენტები და ვითხოვ მხოლოდ ამ სტატუსს, რათა გავეცნო საქმის მასალებს და ვისარგებლო მხარის სტატუსით. ბუნებრივია, ამაზე უარი ჩემი მხრიდან განხილული იქნება, როგორც საქმის გაჭიანურება. იმედს ვიტოვებ, შალვა თადუმაძე იმსჯელებს ამ საკითხზე, დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. უარის შემთხვევაში კი, შემეძლება, ეს სასამართლოში გავასაჩივრო და შესაბამისად, ყველა ზომას მივმართავ, რომ საბოლოოდ ამ შედეგს მივაღწიო“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.