ბაჩანა შენგელიას თქმით, გენერალურ პროკურატურას ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, მან ვიდეომასალა გადასცა
ბაჩანა შენგელიას თქმით, გენერალურ პროკურატურას ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, მან ვიდეომასალა გადასცა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა.

როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ვიდეომასალა შეეხება თათბირს, რომელზე მისი თქმით, ია კერზაიას საქმიანობის შესწავლის საკითხი გადაწყდა და რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ესწრებოდა. ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, შეხვედრა 2018 წლის 5 ან 6 ნოემბერს შედგა და მაშინ გადაწყდა, რომ სკოლის დირექტორი ია კერზაია დაესაჯათ. ბაჩანა შენგელიას თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილისგან გახდა.

​ბაჩანა შენგელია ითხოვს საქმეში მონაწილე პირებისა და მათ შორის გიორგი გახარიას დროულად დაკითხვას.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.