ია კერზაიას შვილი - პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოეძიებინა
ია კერზაიას შვილი - პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოეძიებინა

პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოეძიებინა, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ. ის გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დანაშაულის არარსებობის გამო, ია კერზაიას საკითხზე გამოძიება შეწყდა.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქართველოში გასაჩივრების საშუალება არ აქვს, რის გამოც, ის სტრასბურგის სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას.

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ვინაიდან პროკურატურამ ამ საქმეზე არ გააკეთა არაფერი. უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გამოეძიებინა ეს საქმე, არ ამოიღო საჭირო მტკიცებულებები, სათვალთვალო კამერებიდან გააქრო მასალები, რომელიც დაადასტურებდა, რომ იქ საჩივარი არავის არ შეუტანია. უამრავი საპროცესო მოქმედება არ ჩაატარა, მათ შორის არ ჩაატარა ექსპერტიზა, ექსპერტის არ მიაწოდა მასალები გამოსაკვლევად.

აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ შედეგამდე მოსულიყვნენ დღეს და 23 აგვისტოს, ღამე, იმ დროს, როდესაც თვითონაც ხვდებიან, რომ საქმის შეწყვეტას არ მოყვეს შესაბამისი რეზონანსი და შესაბამისი ხმაური. ასე ქურდულად გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე შეეწყვიტათ და ჩემთვის მოესპოთ ყველანაირი საშუალება, რომ სამართლებრივ სივრცეში, ამ პროკურატურის გამოძიების ფარგლებში გვედავა“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური იყო.

„მე არ ჩამრთეს დაზარალებულადაც კი ამ საქმეში ცხრა თვის განმავლობაში და არ მექნება ამ გადაწყვეტილების საქართველოში გასაჩივრების უფლება. თუმცა, მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის და ეს იქნება ის ბოლო, რომელსაც მე დავდებ უკვე ამ საქმეში. ეს იყო პოლიტიკური საქმე თავიდან ბოლომდე, ეს იყო პირადად გახარიას კონტროლქვეშ მიმდინარე გამოძიება და მისი დანაშაული იკვეთებოდა ამ საქმეში და ბუნებრივია, ის არ დაუშვებდა, რომ დანაშაული გახსნილიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

შესაბამისად, ეს დაკვეთა პროკურატურამ წარმატებით შეასრულა და დღეს სრულიად უკანონოდ შეწყვიტა ეს საქმე და დაასრულა ამით გამოძიება თავისი გადმოსახედიდან. თუმცა, ბრძოლა გრძელდება. მე ყველანაირ საშუალებებს მივმართავ, თუნდაც საერთაშორისო სასამართლოში და საბოლოოდ იქნება შედეგი ის, რომ ყველა დამნაშავე აბსოლუტურად – გახარიას ხელმძღვანელობით და ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, აუცილებლად დაისჯებიან ამ საქმეზე“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება შეწყდა.