აზიური ფაროსანასგან სიმინდის დასაცავად, საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო
აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ანჟელის მასივში მიმდინარეობს. მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე სადგური „მოიზიდე და გაანადგურე“.
სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 200 ათასამდე ჰექტარი, ცივი შესხურებით – 5200 ჰექტარი. ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.