აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმის განხილვას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან
ბელაქანის რაიონული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას 14 დეკემბერს განაახლებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც სასამართლოს პირველ სხდომასაც აკვირდებოდნენ.
საქმის არსებით განხილვაზე მუხთარლის ადვოკატმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მისი კლიენტის წინააღმდეგ და საქმეს მტკიცებულებად დაურთო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ასევე ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის ბრალდებები ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის შესახებ, სიცრუეა და ამ ბრალდების დასადასტურებლად არანაირი სანდო მტკიცებულება არ არსებობდა.
“აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს და ჩამოიყვანეს. ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტი არსებობს. მაგალითად, 14 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე განაცხადა, რომ ” მოხდა დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე”. ასევე, ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში 90 დეპუტატის მონაწილეობითაა ნათქვამი, რომ მუხთარლი გაიტაცეს და აზერბაიჯანში წაიყვანეს. საქართველოში გატაცების მიზნით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ყოველივე ეს უფრო სარწმუნო მტკიცებულებაა. სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მტკიცებულება შედგება სასაზღვრო ჯარისკაცების განცხადებებისგან”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე აფგან მუხთარლის დაცვის მხარემ.