აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმეზე მოწმის სტატუსით მესაზღვრეები დაიკითხებიან
აზერბაიჯანში დღეს აფგან მუხთარლის პროცესი გაიმართება, რომელზეც მოწმეების დაკითხვა იგეგმება. დაცვის მხარე იმ მესაზღვრეების დაკითხვასაც ითხოვს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მუხთარლიმ საღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
„არსებითი განხილვის მეორე პროცესია. დღეს მოწმეების დაკითხვა დაიწყება, მათ შორის უნდა იყვნენ მესაზღვრეებიც, რომელთა ჩვენებებიც საქმეშია. მუხთარლის წინააღმდეგ გამოგონებული ბრალდებებია, ჟურნალისტი ტყვეობაში იმყოფება და იდევნება აბსურდული ბრალდებებით. აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ის დაკვეთა, რაც არის ბოლომდე შესრულდება“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროცესს აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომასაც აკვირდებოდნენ.