აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა

ბაქოში, უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი თავად მუხთარლიმ შეიტანა. ის შეკინის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გადახედვას ითხოვდა.

დღეს გამართულ სხდომას მუხთარლი არ დასწრებია. ჟურნალისტის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გაუქმება და მუხთარლის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა. მოკლე თათბირის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აფგან მუხთარლის ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენებაში დასდეს. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეშენელი“ მუხთარლის „სინდისის პატიმარს“ უწოდებს.
აფგან მუხთარლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან შარშან, მაისში გაიტაცეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანში საზღვარზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას არადეკლარირებული 10 000 ევრო აღმოუჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. თავად მუხთარლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო სამსახურისა და საბაჟოს თანამშრომლებმა გაიტაცეს.