აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში დღეს აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.

მათი ინფორმაციით, მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე ათამდე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და ბრალდებულს ადვოკატის გვერდით ჯდომის უფლება მისცა. დაცვის მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.