აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვიდა დრო, საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დადგინდეს
მოვიდა ის დრო, რომ დადგინდეს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორივე სახელმწიფომ (აზერბაიჯანმა და სომხეთმა) დამოუკიდებლობა მოიპოვა. არანორმალურია, როდესაც ორ ქვეყანას შორის საზღვრები წლების განმავლობაში არ არის განსაზღვრული. მიზეზები აშკარაა – სომხეთის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გატარებული საოკუპაციო პოლიტიკა. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თავისი მიწები, რომელიც 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო, რითაც აღადგინა საერთაშორისო საზღვრები. ამან ახალი შესაძლებლობები შექმნა. ახლა დროა განისაზღვროს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ერთობლივი კომისია უნდა შეიქმნას და ეს პროცესი უნდა დაიწყოს საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის საფუძველზე, რაც დაძაბულობას ჩააცხრობს.
„რაც უფრო ადრე გაიგებს ამას სომხური მხარე, პატივისცემით მოეპყრობა მეზობლებს, აღიარებს საზღვრებს, არ მოითხოვს მეზობელი ქვეყნების მიწებს, მით უფრო მალე მოგვარდება პრობლემა. 21-ე საუკუნეში ასეთი პოლიტიკის გატარება არცერთ სახელმწიფოს არ მოუტანს სარგებელს. თუ გადახედავენ მათ 30-წლიან საოკუპაციო პოლიტიკას, დაინახავენ, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამან სომხეთის მთავრობისა და ხალხისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე სწორ დასკვნებს გამოიტანენ და უფრო ლოგიკურად იმოქმედებენ“, – განაცხადა ბაირამოვმა.