ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში აღებული ვალდებულებები
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში აღებული ვალდებულებები

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს მომხდარი ძალადობის გამო, რამაც სამწუხაროდ მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის განცხადებაში.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა არსებული ვითარება და სასწრაფო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვის მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დააბრუნონ სამხედრო ძალები მუდმივი განლაგების ადგილზე და დაიცვან სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, განაახლონ მოლაპარაკებები, რათა იმუშაონ გადაუჭრელი საკითხების ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიმართულებით, მათ შორის – საზღვრის დემარკაციის თაობაზე.

ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების 15 ნოემბრის განცხადებას. ევროკავშირი იმეორებს თავის ვალდებულებას, ითანამშრომლოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშენებლობაში, რომელიც იქნება უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდი, ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.