ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გავითვალისწინეთ ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და სახურავიდან ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალიწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ამის შემდეგ, მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური, თუ სხვა ტიპის, მძღოლებთან ერთად გავივლით. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რათა სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მამაკაცი, რომელიც გეზ-თან თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მძღოლებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ოთხი დღეა, აქ ვდგავარ და იმას მივაღწიეთ, რომ ადგილზე დავბრუნდებით. ვიმუშავებთ იმდენ ხანს, სანამ შეგვეძლება. დავუბრუნდეთ ადგილებს და პირობას გაძლევთ, თუ რამე შეიცვალა, ისევ იქ ავალ, სადაც დღეს ვიყავი“, – განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.
მამაკაცი შენობის სახურავზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან თვითდაზიანებები მიიყენა და ბენზინი გადაისხა. ის ითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს. მამაკაცი მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს.
თავდაპირველად, ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე
გადავადდა. ამის შემდეგ ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში ლილოში, განვითარების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო
აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა გეზ-თან გზაც
გადაკეტეს.
გუშინ, 19 სექტემბერს ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას
ცნობილი გახდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. თათბირის შემდეგ, აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე
გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.