ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა
ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა, – ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნა და 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაავადა ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით. სხვა შემთხვევაში კი, აღნიშნული საქონლის ექსპორტ-იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აკრძალვა ძალაში 15 სექტემბრიდან უნდა შესულიყო.

დატოვე კომენტარი