ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ფინანსთა სამინისტროდან იუწყება, ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი.

„წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მესამე დღეა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა.

ამასთან, ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი აქციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მათ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადეს. მძღოლები ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ და სთავაზობენ, კონსულტაციები ამის შემდეგ გაგრძელდეს.
“ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და აქციის მონაწილეებს გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდა.