ავსტრალიის ტყის ხანძრის კატასტროფული მასშტაბი კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე
ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძარი იმდენად კატასტროფულია, რომ დედამიწის ზედაპირიდან ათასობით კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავი თანამგზავრები კოსმოსიდანაც ადვილად ამჩნევენ მოგიზგიზე ალსა და კვამლს.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუნებრივად გაჩნდა, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ხანძარი უფრო გაამწვავა ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების მიერ მოტანილმა ცხელმა, არიდულმა გარემომ. ამჟამინდელი შეფასებით, აღმოსავლეთ ავსტრალიაში ტყის ხანძარმა უკვე გადაწვა 5,6 მილიონი ჰექტარი, იმსხვერპლა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა აიძულა ასობით ათას ადამიანს.
მოცემულ ფოტოზე ხედავთ კვამლის ნაკადებს, რომელიც ევროპის ფართობის თითქმის ნახევარზე ვრცელდება და ყვითელი ბურუსით აბნელებს ცას ახალ ზელანდიაში. ფოტო რამდენიმე დღის წინ იაპონიის მეტეოროლოგიურმა თანამგზავრმა ჰიმავარი-8-მ გადაიღო.
ჰიმავარი-8 2014 წლის ოქტომბერში გაუშვეს და დაახლოებით Ford F-150 პიკაპის წონისაა. ჩვენს პლანეტას გარს უვლის 35 888 კმ სიმაღლიდან. სხვადასხვა სენსორების გამოყენებით, ჰიმავარი-8, ნასას თანამგზავრი Suomi-NPP და დედამიწის მონიტორინგის სხვა ხომალდები ავსტრალიაში არსებული საზარელი სიტუაციის ამსახველ შემაძრწუნებელ ფოტოებს კოსმოსიდან აგზავნიან.
ჰიმავარი-8 დასავლეთ ნახევარსფეროს აკონტროლებს და დედამიწის ამ ნაწილს ფოტოს ყოველ ათ წუთში ერთხელ უღებს. ავსტრალია, მისი ხანძრები და კვამლის ნაკადები თანამგზავრის თვალთახედვაში ადვილად ექცევა.
სექტემბერში დაწყებული ხანძრების შედეგად წარმოქმნილი ფერფლი ადვილად გავრცელდა ანომალიურად ხანგრძლივი, მშრალი, სასტიკი გვალვის შედეგად.
1-2 იანვარს გადაღებული ეს ანიმაცია ასახავს ხანძრის რამდენიმე კერას, რაც როგორც წესი, ინფრაწითელ დიაპაზონში უხილავია. ხანძრის ორი განსაკუთრებით დიდი კერა (ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით) ათასობით კილომეტრის სიგანეზეა გადაჭიმული.
არანაკლებ დრამატულია დღისით გადაღებული თანამგზავრული ფოტოები. ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრმა სენტინელ-2-მა ეს ფოტო ახალი წლის დღეს გადაიღო.
ცეცხლის მასშტაბების დადგენა რთულია. მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარე ხანძრის ალებს თუ სწორ ხაზზე გავავლებთ, ის სიდნეიდან ავღანეთამდე გადაიჭიმება.
კვამლი ამჟამად 6,8 მილიარდ ჰექტარს ფარავს, რაც ზომით ევროპის კონტინენტის ნახევარია და ვრცელდება 1600 კმ-ზე შორს, ახალ ზელანდიამდე, სადაც ცას ყვითელ საბურველში ახვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრალიის ტყის ხანძარმა იმაზე ორჯერ დიდი ტერიტორია გაანადგურა, რაც 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტყის ხანძარმა.
ხანძრის შედეგად დაკარგულად ითვლება სულ მცირე 17 ადამიანი, გარდაცვლილია რვა, ასობით ათასი კი ევაკუირებული. ხანძარს მოხალისე მეხანძრეებიც ებრძვიან. ყველაზე დიდ იმედად ცივი სეზონი რჩება, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში რამდენიმე თვეში დადგება.