საიდუმლო მისიამ ავსტრალიის უკანასკნელი „დინოზავრის ხეები“ ხანძრისგან გადაარჩინა
საიდუმლო მისიამ ავსტრალიის უკანასკნელი „დინოზავრის ხეები“ ხანძრისგან გადაარჩინა

საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში, სპეციალისტმა მეხანძრეებმა ავსტრალიაში ხანძრისგან გადაარჩინეს მსოფლიოში უკანასკნელი ვოლემიას ფიჭვები, რომლებსაც „დინოზავრის ხეებსაც“ უწოდებენ.

ამჟამად ველურ ბუნებაში ეს ხე 200 ერთეულზე ნაკლებია დარჩენილი, სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ლურჯი მთების მოფარებულ ხეობაში, ზონაში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებდა.

ამ ზონას ხანძარი გასული წლის ბოლოს მიუახლოვდა და საჰაერო ტანკერებიდან ჩაყრილი ცეცხლის ჩამქრობი საშუალებით ხეებს დამცავი სარტყელი შემოარტყეს, სპეციალისტი მეხანძრეები კი უშუალოდ ხეობაში მუშაობდნენ და ნესტის შენარჩუნებისთვის აუცილებელი საირიგაციო სისტემა გაჰყავდათ.

ახალი სამხრეთ უელესის გუბერნატორი მეთ კინი ოპერაციას „გარემოს დაცვის უპრეცედენტო მისიას“ უწოდებს.

მართალია, ცეცხლმა ზოგიერთი ხე შთანთქა, მაგრამ ხანძრისგან მთლიანი კორომის გადარჩენა მაინც მოხერხდა.

ვოლემიას ფიჭვი სიმაღლეში 40 მეტრამდე იზრდება, დედამიწაზე ჯერ კიდევ 200 მლნ წლის წინ მდგარი იურული პერიოდიდან არსებობს და ასაკით ბევრ დინოზავრსაც აღემატება.

მიიჩნეოდა, რომ ისინი გადაშენებული იყო და მხოლოდ ნამარხებში გვხვდებოდა, სანამ 1994 წელს პარკის რეინჯერი შემთხვევით აღმოაჩენდა.

კორომის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული რჩებოდა, რათა ხეები ვიზიტორებისგან დაეცვათ.

კინის თქმით, არალეგალური მნახველები ამ ხეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ხელს უშლის გამრავლებას და შედის დაავადებები, რომლებმაც შეიძლება, პოპულაცია მთლიანად გაანადგუროს.

სახეობის გადარჩენის მიზნით, „დინოზავრის ხეები“ მთელი მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებში გაამრავლეს, მაგრამ ეს ხეობა ერთადერთია, სადაც ისინი ველურად იზრდება.

ავსტრალიაში ტყის ხანძარი ოქტომბრიდან მძვინვარებს, რასაც ემსხვერპლა 28 ადამიანი, დაიწვა 2000-ზე მეტი სახლი და 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი.

ხანძარმა დაახლოებით მილიარდამდე ცხოველი გაანადგურა, ზოგიერთი სახეობა კი გადაშენების პირას მიიყვანა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.