ავსტრალიელმა მკვლევრებმა დაადგინეს, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს
ავსტრალიელმა მკვლევრებმა დაადგინეს, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს

ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, მათ განსაზღვრეს ორგანიზმის იმუნური პასუხი ახალი კორონავირუსისადმი, რაც პოტენციურად ძალიან დიდი მიღწევაა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.

მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა COVID-19-ით ინფიცირებული, ზომიერი სიმპტომების მქონე პაციენტის სისხლის ნიმუში.

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ექსპერტებმა დაადგინეს ორგანიზმის ზოგადი იმუნური პასუხი ახალი დაავადებისადმი.

„ჩვენ ვიხილეთ ნამდვილად მძლავრი იმუნური პასუხი, რომელიც წინ უძღოდა კლინიკურ გამოჯანმრთელებას. ამ დროს პაციენტი ვიზუალურად ჯერ ისევ ავად იყო, მაგრამ სამი დღის შემდეგ გამოჯანმრთელდა“, — უთხრა გამოცემა AFP-ს მელბურნის უნივერსიტეტის პიტერ დოჰერტის ინფექციისა და იმუნურობის ინსტიტუტის მკვლევარმა კატერინ კეძიერსკამ.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერები დროს ებრძვიან. კეძიერსკას თქმით, მისი ჯგუფის კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების უკეთ შესწავლაში.

„დამოწმებადი შედეგები გვაქვს ზომიერი სიმპტომების მქონე ბევრ პაციენტში. ახლა ჩნდება კითხვა — რა განსხვავება გვაქვს იმ ხალხთან, რომლებიც ფატალურად ავად არიან?“ — ამბობს კეძიერსკა.

მისი თქმით, მათ აღმოჩენას ორი პრაქტიკული გამოყენება აქვს.

პირველ რიგში, ვირუსოლოგებს ის ვაქცინის შექმნაში დაეხმარება, რადგან ვაქცინაციის მიზანია გაიმეოროს სხეულის ბუნებრივი იმუნური პასუხი ვირუსის წინააღმდეგ.

გამოჯანმრთელების გზაზე მდგარ COVID-19-ის პაციენტის სისხლში ჯგუფმა გამოავლინა იმუნურ უჯრედთა ოთხი სხვადასხვა პოპულაცია.

კეძიერსკას განცხადებით, ისინი ძალიან ჰგავდა გრიპით ინფიცირებულ პაციენტებში არსებულს.

მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ასობით ათას ადამიანს კლავს, გრიპის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა არსებობს.

როგორც კეძიერსკა აღნიშნავს, მეორე პრაქტიკული გამოყენებაა სკრინინგი.

მათი აღმოჩენის დახმარებით, მოხდეს სამომავლო ეპიდემიებში შესაძლებელია მოხდეს ყველაზე სარისკო ჯგუფების პროგნოზირება.

იმუნური სისტემის ამ „მარკერებს“ თეორიულად დიდი სიზუსტით შეუძლია იმის პროგნოზირება, რომელ პაციენტებს ექნებათ მსუბუქი სიმპტომები და რომლები არიან სიკვდილის რისკის ქვეშ.

COVID-19-ით სიკვდილის შემთხვევების უმეტესობა მოდის ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე, ძირითადად გულის დაავადებებისა და დიაბეტის შემთხვევაში.

მეორე მხრივ, ბავშვებს სიმპტომები თითქმის არ აღენიშნებათ და ამის მიზეზების გარკვევას კვლევები სჭირდებათ.

დოჰერტის ინსტიტუტის დირექტორი და ინფექციურ დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი მსოფლიოში — შერონ ლევინი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია.

„კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმი საკმაოდ კარგ და მძლავრ იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს ვირუსის წინააღმდეგ და ის ასოცირდება სიმპტომების გაქრობასთან. იმედი გვაქვს, ახლა ანტისხეულებს ვიპოვით და მათ მასშტაბებს გავზრდით“, — ამბობს ლევინი.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.