აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ჭიდაობის ფედერაციაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია ფედერაციის პრეზიდენტის შვილს ეჭირა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ჭიდაობის ფედერაციაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია ფედერაციის პრეზიდენტის შვილს ეჭირა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია ფედერაციის პრეზიდენტის შვილს ეჭირა.

ანგარიშის მიხედვით 2016 წელს ფედერაციის შვიდი (ფედერაციის პრეზიდენტი, მონიტორინგის მენეჯერი, ფედერაციის გენ. მდივანი, ვიცე − პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბუღალტერი, კურატორი)

თანამშრომლისთვის წლიური სახელფასო ფონდი 34, 800 ლარს შეადგენდა, საიდანაც მონიტორინგის მენეჯერმა (პრეზიდენტის შვილმა) 25,375 ლარი მიიღო. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტმა ვერ მოიპოვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მონიტორინგის მენეჯერის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს დაადასტურებდა

„შესამოწმებელ პერიოდში ფედერაციის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად − მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის ახლო ნათესავი, (შვილი) რომლის შრომის ანაზღაურებამ ამ პერიოდში შეადგინა 25,375 ლარი. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო ე.წ. მონიტორინგის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა. აუდიტორული პროცედურებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს. 2017 წლის სექტემბრიდან აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია გაუქმდა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობა, რომელიც ამ დრომდე არ იყო ანაზღაურებადი, მოცემული პერიოდიდან გახდა ანაზღაურებადი და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მონიტორინგის მენეჯერის გაუქმებული საშტატო პოზიციის მიხედვით არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად, დასაქმებულებს ევალებოდათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება, უფროსის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული სამუშაო დროის შესაბამისად, ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციებისა და დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაურკვეველი და შეუსაბამოა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები. მაგალითად მონიტორინგის მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში 1250 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის ხელფასი (რომლებიც ამავე დროს იყვნენ პრეზიდიუმის წევრები) 185 ლარი იყო. შედეგად სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თანამშრომლების სამუშაოზე აყვანა ხდებოდა დადგენილი ნორმების გვერდის ავლით.

„არსებითი შეუსაბამობებია ცალკეული პოზიციის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს შორის. მაგალითად, მონიტორინგის მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენს 1250 ლარს, 2016 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ანაზღაურება შეადგენდა 900 ლარს, 2017 წელს − 625 ლარს, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის (რომლებიც ამავე დროს იყვნენ პრეზიდიუმის წევრები და წესდებით მათი უფლება-მოვალეობები (პასუხისმგებლობები) ფართო სპექტრს მოიცავდა) − 185 ლარს.

ზემოაღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელმძღვანელობის მიერ პერსონალის სამუშაოზე აყვანა ხდება წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლით. კერძოდ, წესდებით, ვიცე-პრეზიდენტებთან კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმებულ საშტატო განრიგს და აპარატის კადრებს, გენერალური მდივანი დასამტკიცებლად წარუდგენს ფედერაციის პრეზიდიუმს, ხოლო მუშაკთა სამსახურებრივი დატვირთვა უნდა განსაზღვრულიყო ფედერაციის შინაგანაწესით. შესამოწმებელ პერიოდში გენმდივნის მხრიდან აღნიშნული საკითხის ინიცირება და შესაბამისად, პრეზიდიუმზე მისი განხილვა არ განხორციელებულა. ფაქტობრივად, ფედერაციის პრეზიდენტი პერსონალის სამუშაოზე აყვანისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის პროცედურებს წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტებით ახორციელებდა. ამასთანავე, არ იყო შემუშავებული და სამოქმედოდ შემოღებული შინაგანაწესი, რომელიც ფორმალიზაციის დონეზე მაინც განსაზღვრავდა შრომითი საქმიანობის გარკვეული პროცესების კონტროლის საშუალებებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის მენეჯერმა 4,560 ლარის ანაზღაურება ტურნირის მსაჯობისთვისაც მიიღო, თუმცა მას არათუ საერთოდ არ უმსაჯია არ, არამედ მომსახურე სასტუმროების მიერ გაცემული დოკუმენტებითა და ღონისძიებების დროს მიმდინარე პროცესების ვიდეოგადაღებებით მტკიცდება, რომ მონიტორინგის მენეჯერი შეჯიბრების ადგილზე არ ყოფილა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში ჩატარებული შეჯიბრებების და ტურნირების დროს მსაჯებზე მომსახურების ღირებულების სახით სულ გაცემულია 55,160 ლარი. თუმცა მათი ტურნირებში ფაქტობრივად მონაწილეობის მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან 2017 წელს 11 შემთხვევაში ერთდღიანი ტურნირების ფარგლებში მსაჯობის მომსახურებისთვის, ორი დღის თანხაა ანაზღაურებული.

„2016-2017 წლებში ჩატარებული შეჯიბრებების და ტურნირების დროს მსაჯებზე გაცემულმა მომსახურების ღირებულებამ სულ შეადგინა 55,160 ლარი. მსაჯების ტურნირებში ფაქტობრივად მონაწილეობისა და ღონისძიებებზე მსაჯთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის შესახებ მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. 11 შემთხვევაში, 2017 წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართული ერთდღიანი ღონისძიებების ფარგლებში, მომსახურე მსაჯებისთვის (3 პირი) ანაზღაურებულია ორი დღის მომსახურების თანხა, ნაცვლად ერთი დღისა. შედეგად, 2017 წელს ზედმეტად გაცემულია სულ 900 ლარი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერსა და ფედერაციის პრეზიდენტზე კომპესაციის სახით, გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 4000 ლარია გაცემული, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მათი ვალდებულება იყო, რომელიც ანაზღაურდება ხელფასის სახით.

„საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში“ ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორის მომსახურების ანაზღაურების სახით 2016 წლის დეკემბერში ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერზე გაცემულია 1,000 ლარი, ფედერაციის პრეზიდენტზე 2017 წლის დეკემბერში კი − 3,000 ლარი. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება არის ფედერაციის საწესდებო ვალდებულება, ხოლო ღონისძიების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ფედერაცია მას ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. აქედან გამომდინარე, მოცემული საწესდებო ვალდებულების შესრულებისთვის (რომელიც ანაზღაურდება ხელფასის სახით) დამატებითი ფულადი „კომპენსაცია“ კანონშეუსაბამო ხარჯია.