აუდიტის სამსახური - ვეტერანების საქმეთა სამსახურმა სოციალური დახმარება გაუწია 711 პირს, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს
აუდიტის სამსახური - ვეტერანების საქმეთა სამსახურმა სოციალური დახმარება გაუწია 711 პირს, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა 2016-2017 წლებში, 506,997 ლარის დახმარება გასცა 711 ბენეფიციარზე, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესყიდვების, შრომის ანაზღაურების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეული სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტში.

„მათ შორის 241,373 ლარის სოციალური დახმარება გაწეულია ისეთ პირებზე (206 ბენეფიციარი), რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი აღემატებოდა 1 000 ლარს. მაშინ როდესაც სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილებულა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, მრავალშვილიანი და სახელმწიფო პენსიის მიმღები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების 879 განცხადება“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მოცემულ პერიოდში, სამსახურის მიერ ვეტერანების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას არ იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები.

„შედეგად, ერთი ვეტერანის სამედიცინო უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა – 725 ლარი, ნაცვლად – 121 ლარისა. შესაბამისად, იმავე რესურსით ნაცვლად – 119 ბენეფიციარისა შესაძლებელი იქნებოდა არანაკლებ – 714 ბენეფიციარის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც, სამსახურში სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით შემოსული განცხადებების 47% (3,767 განცხადება) არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ვეტერანების დაფინანსებისას არაეკონომიურად გაწეული ხარჯები

როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია, 2016 წელს სამსახურის მიერ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 59 ერთეული პროთეზის დამზადების ღირებულება 609,934 ლარის ოდენობით.

„ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით იმავე მოცულობის მომსახურების გაწევის შემთხვევაში გაიხარჯებოდა 200,090 ლარი, ანუ 409,844 ლარით ნაკლები სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებთან შედარებით, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ხარვეზების გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

პირველი რეკომენდაციის თანახმად, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები უნდა განისაზღვროს ბაზრის დეტალური და საფუძვლიანი კვლევის შედეგად.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრისას უნდა დანერგოს ერთგვაროვანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებასა და არადისკრიმინაციულ პრინციპებზე.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვეტერანების საქმეთა სამსახურს აძლევს რეკომენდაციას, მოახდინოს სოციალური დახმარების გაცემის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დოკუმენტირება, სადაც ნათლად აისახება დაფინანსების საფუძველი.

რეკომენდაციების მიხედვით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები, რომლებშიც საბიუჯეტო სახსრების ნაკლები დანახარჯებით იქნება შესაძლებელი ბენეფიციართა შედარებით დიდი რაოდენობის დაკმაყოფილება.