აუდიტის სამსახური - სურსათის სააგენტოს 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა მონიტორინგის მექანიზმები ქმედითი არ აღმოჩნდა
აუდიტის სამსახური - სურსათის სააგენტოს 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა მონიტორინგის მექანიზმები ქმედითი არ აღმოჩნდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ორგანიზაციაში დანერგილი მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული რისკები.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შესაძლებელი იყო თუ არა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების პრევენცია.

უწყების ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ოფიციალურ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (EPPO) მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა. ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის.

უწყება აღნიშნავს, რომ სააგენტომ აზიური ფაროსანას იდენტიფიცირება მხოლოდ 2016 წლის სექტემბერში შეძლო მაშინ, როცა მავნებელმა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალიც გაანადგურა და უფრო მეტიც, გამოზამთრება და გამრავლებაც მოასწრო.

ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას და კონტროლს გავრცელების შედარებით მცირე არეალზე“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ფაროსანამ საქართველოში განსაკუთრებით დააზიანა თხილის კულტურა, რომლის მოსავალი 2016 წელს 16 პროცენტით, ხოლო 2017 წელს 27 პროცენტით შემცირდა. მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიყენებულმა ზარალმა 2016 წელს 53-69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ექსპორტი, რომელიც 2016 წელს მე-2 ადგილს იკავებდა, მომდევნო პერიოდში მკვეთრად შემცირდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, სამსახურმა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანა, ჯერ კიდევ შორეული საფრთხის არსებობის პირობებში, აძლიერებს მონიტორინგის მექანიზმებს, რაც მავნებლის ტერიტორიაზე შეჭრისა და მასობრივი გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.