აუდიტის სამსახური - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არაოპტიმალური მარაგების შექმნამ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი გაზარდა
აუდიტის სამსახური - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არაოპტიმალური მარაგების შექმნამ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი გაზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამის ამოქმედებისას, სამინისტროს მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ, შესაბამისად, ბენეფიციარებს პროგრამაში ჩასართავად არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდათ. შედეგად, როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, დაბალი იყო მედიკამენტებზე მიმართვიანობა და პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობამ, პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9% შეადგინა.

„შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან შედარებით. აღნიშნულმა გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. 2018 წლის მიხედვით, პროგრამული დაფინანსების ძირითადი ნაწილის დაკონტრაქტება და საკასო ხარჯვა განხორციელდა წლის ბოლოს“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, რიგ შემთხვევებში სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გათვალისწინებული იყო საქონლის მიწოდების შემჭიდროებული ვადები. მედიკამენტების ხარჯვისა და მიმდინარე მარაგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევებში არ არსებობდა საქონლის შეზღუდულ ვადებში მიწოდების აუცილებლობა.

„მიწოდების არაგონივრული ვადები ზღუდავს პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს და ზრდის კონკურენციის შეზღუდვის რისკებს. ყოველივე აღნიშნული ქმნის მაღალი ფასის სატენდერო წინადადების გამარჯვების შესაძლებლობას, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა შეუთავსებელი მედიკამენტების გაცემას. ასევე, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა.

„რიგ შემთხვევებში სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი. შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა. სააგენტოს მიერ არ ხორციელდება მედიკამენტების ნაშთების პერიოდული და სრული ინვენტარიზაცია, რის შედეგად შეუძლებელია მარაგების არსებობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღება“, – წერია აუდიტის დასკვნაში.