კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტებს კატარის ორი სამხედრო თვითმფრინავით ხვალ გაგზავნიან
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტებს კატარის ორი სამხედრო თვითმფრინავით ხვალ გაგზავნიან

კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდების შესახებ შეთანხმებაში წარმატებული შუამავლობის შესახებ აცხადებს, – ინფორმაციას times of Israel-ი ავრცელებს.

„მედიკამენტებს კატარის ორი სამხედრო თვითმფრინავით ხვალ გააგზავნიან ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის სანაპირო ქალაქ ელ-არიშისკენ, შემდეგ კი მედიკამენტები ღაზის სექტორში გადაინაცვლებს. შეთანხმებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საფრანგეთმა“, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კატარის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ღაზაში ომის დასრულების მიზნით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰას შუამავლობა გაგრძელდება.

ამასთან, შეთანხმებაში პარიზის როლის შესახებ ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა 45 მძევლისთვის მედიკამენტების სიის შედგენა, ყიდვა და კატარში გაგზავნა.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ შეთანხმებაში ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც.

გარდა ამისა, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Times of Israel-თან საუბარში აღნიშნა, რომ „მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდების სანაცვლოდ, ისრაელი დათანხმდა, გაზარდოს სამედიცინო დახმარების რაოდენობა, რომელსაც მოიცავს ღაზაში ყოველდღე შესული ჰუმანიტარული დახმარება“.