ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ფარმაცევტულ კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ფარმაცევტულ კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს NOVARTIS-ისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს.

„უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, რვა დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“. უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.

„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის – უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.

წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ უწყებაში.