აუდიტის სამსახური - ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ტურნირში გამარჯვებულისთვის ბინა, ბიუჯეტის ფულით, შვილების კომპანიაში შეიძინა
აუდიტის სამსახური - ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ტურნირში გამარჯვებულისთვის ბინა, ბიუჯეტის ფულით, შვილების კომპანიაში შეიძინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ტურნირში გამარჯვებულისთვის გადასაცემი ბინა ბიუჯეტის ფულით საკუთარი შვილების კომპანიაში შეიძინა.

ანგარიშის მიხედვით „ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა 2016-ის“ გამარჯვებულს პრიზის სახით თბილისში ვაზისუბნის დასახლებაში 50 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა. ამისთვის ფედერაციამ შეძენამდე ხუთ თვით ადრე დაარსებული სამშენებლო კომპანია შპს „ფალავანთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შპს „ფალავნის“ დამფუძნებლები კი ფედერაციის პრეზიდენტის შვილები არიან.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბინის შეძენამდე არ მოხდა ბაზრის კვლევა და ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის კომპანიის მიერ გაცხადებული ფასი იყო 1050 ლარი, თუმცა ფედერაციამ 1 კვ.მ-ის ფასი („შავი კარკასის” მდგომარეობით) − 1098 ლარად შეიძინა (ანაგარიშსწორების ფასზე 48 ლარით მეტში).

„აღნიშნული ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული 2017 წლის 4 აპრილს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, ფალავნობა 2016-ში გამარჯვებულ გიორგი კაციაშვილს 2018 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში საკუთრებაში უნდა გადასცემოდა თბილისში ვაზისუბნის დასახლებაში კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებული 50 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში. ფედერაციის მიერ შესასყიდი უძრავი ქონების ოპტიმალური საბაზრო ფასის და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევა არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში აღნიშნული საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით გადაეცა ფალავნობაში გამარჯვებულ გიორგი კაციაშვილს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ფედერაციამ 130 კომპლექტი (ჩოხა, შორტი და ქამარი) ქართული ჭიდაობის ჩოხის შესაძენად ერთ ცალ კომპლექტში 70 ლარი გადაიხადა, მაშინ, როცა იმავე კომპლექტში, ერთი თვით ადრე, საქართველოს სპორტის სამინისტროს 45 ლარი ჰქონდა გადახდილი. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფედერაციის მხრიდან ჩოხის კომპლექტზე შესყიდვების გამოცხადების მომენტში სამინისტროს ბალანსზე ნაშთის სახით 60 კომპლექტი ირიცხებოდა. შესაბამისად ფედერაციას სამინისტროსთან კოორდინაციის შემთხვევაში მას 130-ის ნაცვლად 70 კომპლექტის შეძენა დასჭირდებოდა.

„ქართული ჭიდაობის ჩოხების შესყიდვას და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე უსასყიდლოდ გადაცემას ფედერაციასთან კოორდინაციის გარეშე აწარმოებდა ასევე სპორტის სამინისტრო. კერძოდ, 2016-2017 წლებში სამინისტროდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებზე გადაცემულია სულ 199 კომპლექტი, 10,945 ლარის ღირებულების ქართული ჭიდაობის ჩოხა“, – აღნიშნულია ანგარიშში.