აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა
აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2017-2018 წლების პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 2017 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტმა სოფელ თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილისა და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოები, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და სოფელ ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, პროექტებზე სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო კომპანიების დასკვნების საფუძველზე განხორციელდა, თუმცა შესწავლით გაირკვა, რომ ექსპერტიზის მიერ ხარისხის დასადგენად საჭირო ლაბორატორიული კვლევები არ განხორციელებულა. ამავე ინფორმაციით, პროექტები ასევე შეამოწმა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა, რომელმაც მხოლოდ სამუშაოების მოცულობები შეისწავლა, თუმცა სამუშაოების ხარისხი არ შეუფასებიათ.

მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საუბარია 462.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლის და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა სამ შემთხვევაში დროულად არ მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით და მათი გამოსწორება მოითხოვა მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარეს, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები/პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი საგზაო სამუშაოებს ეხება და ნათქვამია, რომ 2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული სამი ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

დასკვნის მიხედვით, მიმწოდებელი სამივე პროექტის ფარგლებში არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია, თუმცა მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.