სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტში დაკორექტირდა როგორც მაკროეკონომიკური, ასევე ფისკალური მაჩვენებლები.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების შედეგად, პროექტში დაკორექტირდა როგორც მაკროეკონომიკური, ასევე ფისკალური მაჩვენებლები“, – წერია დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 4.3 პროცენტისდონეზე განისაზღვრა, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზთან.
თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებითვე, ქვეყანაში არსებობს უფრო დაბალი ზრდის გამომწვევი რისკები.
„წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, ზედიზედ ორ კვარტალში დაფიქსირდა ეკონომიკური რეცესია, რის შედეგადაც ამოქმედდა ორგანული კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევა და წარმოდგენილი კანონპროექტით, ბიუჯეტის ბალანსისა (ბიუჯეტის დეფიციტი) და ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებლები ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა იგეგმება.
კერძოდ, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 2021 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მშპ-ს 7.7 პროცენტის (4.1 მლრდ ლარი) დონეზე განისაზღვრა. შედეგად, იგი 4.7 პროცენტული პუნქტით აჭარბებს ორგანული კანონით დადგენილ 3.0-პროცენტიან ლიმიტს.
ვალის წესის მიზნებისათვის გაანგარიშებული მაჩვენებელი, აჭარბებს 60-პროცენტიან ნიშნულს და 60.8 პროცენტს შეადგენს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს ყველა პროექტიდან მომდინარე და სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს. აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებით, ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 61.9 პროცენტს აღწევს; აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ვალის ზრდა მთლიანად საგარეო ვალდებულებების ზრდითაა განპირობებული. მათ შორის, 2021 წელს ვადა ეწურება 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციებს და იგეგმება მათი რეფინანსირება ახალი ევროობლიგაციების ემისიით, 1.66 მლრდ ლარის ოდენობით.
აღნიშნულის პარალელურად, კანონპროექტი 2021 წელს არ ითვალისწინებს საშინაო ვალის ზრდას, რაც მთავრობის ვალის მართვის მოქმედ სტრატეგიაში გაცხადებულ საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის”, – წერია ანგარიშში.
ამასთან, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალის პორტფელის 81.5 პროცენტი უცხოურ ვალუტაში იქნება დენომინირებული, რაც ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ მის მოწყვლადობას ზრდის.
„თავის მხრივ, პანდემია და არსებული გეოპოლიტიკური რისკები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტს თან ახლავს „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის“ დოკუმენტი 2021-2030 წლებისათვის. აღსანიშნავია, რომ ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი დოკუმენტში განხილული თითოეული შოკის რეალიზების შემთხვევაში აჭარბებს 60-პროცენტიან ნიშნულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ დროულად განაახლოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია“ საშუალოვადიანი პერიოდისათვის, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის ხედვა თუ როგორ დაუბრუნდება ვალის პორტფელი კრიზისის პერიოდამდე არსებულ ნიშნულს.
კანონპროექტის წინა წარდგენასთან შედარებით შემოსულობები იზრდება 2 მლრდ ლარით (16.8 მლრდ ლარამდე), ხოლო გადასახდელები – 1.3 მლრდ ლარით (18.4 მლრდ ლარამდე). შესაბამისად ბიუჯეტის ნაშთის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია 686 მლნ ლარით, 1.6 მლრდ ლარამდე.
შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება (106 მლნ ლარით) გამოწვეულია დაწესებული საგადასახადო შეღავათებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის პროგნოზის 285 მლნ ლარით კლებით. გადასახდელების ზრდა ძირითადად განპირობებულია პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების ბიუჯეტში ასახვით (ჯამურად, 892 მლნ ლარი).
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის 33.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 მლრდ ლარით აღემატება. სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდა საგარეო ვალის ზრდითაა გამოწვეული, რომლის უმეტეს ნაწილს (72.5 პროცენტს) ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები წარმოადგენს”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.