აუდიტის სამსახური - საბავშვო ბაღებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობაა, რაც სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზეც აისახება
აუდიტის სამსახური - საბავშვო ბაღებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობაა, რაც სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზეც აისახება

მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის 2014-2019 წლების აუდიტის ანგარიშს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზეც, რაც შესაძლებელია, აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.

„პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები არსებული საკითხის გადასაჭრელად. არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით პედაგოგების და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სერვისის გასაუმჯობესებლად.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. აღნიშნული აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია ბავშვთა სასკოლო მზაობისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბაღებში დაცული არ არის პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

 

დატოვე კომენტარი