გოჩა სვანიძე - ჩემი პრეზიდენტობის დროს რაგბის კავშირში კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, აუდიტის სამსახურს არასწორი დასკვნა აქვს გაკეთებული
გოჩა სვანიძე - ჩემი პრეზიდენტობის დროს რაგბის კავშირში კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, აუდიტის სამსახურს არასწორი დასკვნა აქვს გაკეთებული

ჩემი პრეზიდენტობის დროს რაგბის კავშირში კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, აუდიტის სამსახურს არასწორი დასკვნა აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ სვანიძემ აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა გამოძიების კითხვები ეხებოდა აუდიტის სამსახურის მიერ  2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც 2014-2018 წლებში რაგბის კავშირის მიერ გაწეულ ხარჯებს და უძრავი ქონებების განკარგვას ეხებოდა.

„აუდიტის დასკვნის გარშემო იყო საუბარი. მე კონკრეტულ კითხვებს და პასუხებს აქ ვერ გეტყვით, ყველაფერი გვაქვს კანონიერად გაკეთებული. ამ დაკითხვას წელიწადია ველოდები. ერთი წელი დასჭირდათ, რომ ეს განმარტებები მიეღოთ და კიდევ არ დასრულებულა. ჯერ უძრავი ქონების ნაწილზე იყო საუბარი.

ჩემი პრეზიდენტობის დროს რაგბის კავშირში კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. დიდი ხანია, ამაზე საჯარო განცხადებებს არ ვაკეთებ, რადგან ეს არის მართლმსაჯულების პროცესი, ამას არ სჭირდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფიშირება. სარჩელი გვაქვს შეტანილი იმ უზუსტობაზე, რაც აუდიტის სამსახურმა დაუშვა თავის დასკვნებში და პირველი სხდომა გასული წლის ზაფხულში უკვე ჩატარდა. აჟიტირების გარეშე, ან მართლები აღმოჩნდებიან, ან – არ. მე დიდი ალბათობით ვიცი, რომ არ აღმოჩნდებიან მართლები, არასწორი დასკვნები აქვთ გაკეთებული“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

საქმის პროკურორი მიმდინარე გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს. პაპუნა კერესელიძე აცხადებს, რომ დაისვა ის კითხვები, რომელიც გამოძიებას რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მისამართით ჰქონდა.

„ამ ეტაპზე მე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავს შევიკავებ იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას ჩასატარებელი აქვს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გიდასტურებთ, რომ გამოძიება ასევე სწავლობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერების საკითხს, ასევე უძრავი ქონების განკარგვის საკითხს. რაც შეეხება გადაცდომებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ მაქვს ამ ინფორმაციის გაჟღერების უფლება“, – განაცხადა პროკურორმა.