აუდიტის სამსახური - ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს 2017-2019 წლებში 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა
აუდიტის სამსახური - ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს 2017-2019 წლებში 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის 2017-2019 წლების აუდიტი და გამოავლინა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის მართვის, მონიტორინგისა და დაცვის ფუნქციების შესრულების ნაწილში არსებულ სისტემურ ხარვეზებთან, რაც საჭიროებს სათანადო რეაგირების მექანიზმების დანერგვას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები კვლავ არ კარგავს აქტუალურობას და მნიშვნელოვნად უკავშირდება ტყის რესურსების კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს.

დოკუმენტში წერია, რომ სააგენტოს აღარ აქვს უკანონო ჭრების გამოვლენის და მათზე რეაგირების უფლებამოსილება, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მრავალფუნქციური დატვირთვისა და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, აკონტროლებს მხოლოდ ტყეში შესასვლელ/გამოსასვლელ გზებს. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის სრულყოფილი კონტროლი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს 2017-2019 წლებში 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა.

„არის რისკები, რომ სათანადოდ არ ხორციელდება სოციალური ჭრების ფარგლებში გამოყოფილი ტყეკაფების მონიტორინგი სააგენტოში არასაკმარისი რესურსების გამო, რაც ზრდის ხე-ტყის უკანონოდ მითვისების შესაძლებლობებს, ეკოსისტემების დაზიანების რისკებს და ამავდროულად ამცირებს მისაღებ შემოსავლებს. გამოვლენილი უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს 2017-2019 წლებში მიადგა 20.0 მლნ ლარის ზიანი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა ტყეების სისტემატური ინვენტარიზაცია, რაც მიუთითებს მათი მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის ფლობაზე და ართულებს ტყის გრძელვადიანი და რაციონალური გამოყენების დაგეგმვას“, – წერია დასკვნაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ლიცენზიანტების მიერ არ ხორციელდება სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება, რის შედეგადაც, გარემოს 2017-2019 წლებში მიადგა 5,2 მლნ ლარის ზიანი. რაც შეეხება მოსახლეობის მიერ შეშის მოპოვებას, არსებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ტყეკაფების გამოყოფას, სადაც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს შეშის მოპოვება, შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს.

„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა. მოსახლეობა სრულად არ ითვისებს გამოყოფილ რესურსს, თუმცა ამავდროულად, კვლევების მიხედვით, რეალური მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება გამოყოფილი რესურსის მოცულობას. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მოსახლეობა შეშის მოსაპოვებლად მიმართავს უფრო მარტივ საშუალებას, როგორიცაა, არალეგალური შესყიდვა ან მოპოვება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ტყის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. სააგენტოს მიერ სრულად არ არის დადგენილი მერქნული რესურსის ის ოდენობა, რომლის მოხმარებაც არ გამოიწვევს ტყის შემცირებას. საჯარო დაწესებულებების მიერ სააგენტოსთვის საშეშე რესურსის დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი ქმნის მათ მიერ აღნიშნული რესურსის არარაციონალურად გამოყენების რისკებს, რამაც შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ტყის ეკოსისტემებზე. ზოგიერთი საჯარო სკოლის მხრიდან დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ალტერნატიული ენერგორესურსის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭებოდა საშეშე რესურსის მოხმარებას“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი