აუდიტის სამსახური - 2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 526,038 ლარის დანამატი გაიცა
აუდიტის სამსახური - 2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 526,038 ლარის დანამატი გაიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი.

ანგარიშშია არნიშნულია, რომ აუდიტის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა.

„ერთ-ერთი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესყიდვების დაზუსტებული გეგმა წლიურ გეგმასთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია 26%-ით, ხოლო 2019 წელს − 78%-ით. „მიღებული განმარტებით, 2019 წლის შესყიდვების გეგმის არსებითი ცვლილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2019 წლის 12 ივნისს ბიურომ საქართველოს მთავრობის თანხმობით, აიღო 5,000 ათასი ლარის ოდენობის საბანკო სესხი. შესაბამისად, გაიზარდა შესყიდვების წლიური გეგმაც. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით, შესყიდვები სრულყოფილად ვერ განხორციელდა, რაც შესყიდვების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ბიუროში შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებული ბაზრის კვლევა არ არის სისტემატიზებული სახით განხორციელებული. კერძოდ, აუდიტორული პროცედურებით შერჩეული შესყიდვებიდან, დაახლოებით, 15%-ზე ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა, რის მიზეზსაც ბიუროს განმატებით, ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის არასისტემატიზებული არქივაცია (დაარქივება) წარმოადგენს. შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას დაასკვნას, იყო თუ არა ყველა შესყიდვაზე განხორციელებული ბაზრის სრულყოფილი კვლევა“, – წერია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტორების კიდევ ერთი შენიშვნა, შრომის ანაზღაურებას ეხება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაუსაბუთებლად ხდებოდა დანამატების გაცემა.

„2018-2019 წლებში თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა ჯამში 526,038 ლარი შეადგინა. დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ისევე, როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა. 2018-2019 წლებში ბიუროში წარმოდგენილია 306 ერთეული საავადმყოფო ფურცელი (ბიულეტენი), რომელზე ასანაზღაურებელი 118.2 ათასი ლარი, ნაცვლად „დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარების“ სახაზინო მუხლისა, გაცემულია „თანამდებობრივი სარგოს“ სახაზინო მუხლით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობით დადგენილი საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციის მოთხოვნებთან. 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია არ აწარმოებდა სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს. შედეგად, არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში მოყვანილია სხვა დარღვევებიც, მათ შორის საუბარია მარაგების აღრიცხვის ნაკლოვანებებსა და საექსპერტო მომსახურების ანგარიშსწორების წესის ნაკლოვანებებზე.

„ბიუროში არ არის ჩამოყალიბებული მატერიალური მარაგების ჩამოწერასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალები (მარაგები) საწყობიდან გასვლის და სხვადასხვა დეპარტამენტზე გადაცემისას, ჩამოიწერება პირდაპირ ხარჯებში და არ აღირიცხება ისინი ანგარიშვალდებულ პირებზე, რაც მატერიალურ მარაგებზე არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს. ექსპერტიზის დამკვეთებთან ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ საექსპერტო დასკვნების მომზადების შემდეგ. შედეგად, 2018-2019 წლებში ბიუროს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებებით სულ წარმოიშვა 1,204.7 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება და 794 ერთეული სამართლებრივი დავა საექსპერტო მომსახურების დამკვეთების წინააღმდეგ. საექსპერტო დასკვნების მომზადების შემდეგ ანგარიშსწორების პრაქტიკა წარმოშობს დებიტორული დავალიანებისა და სასამართლო დავების ზრდის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია ადამიანური რესურსებისა და ფინანსურ დანახარჯებთან, ასევე წარმოშობს მისაღები შემოსავლების დანაკარგების რისკს“, – წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად გაანგარიშების მიზნით, თითოეული შესყიდვის პროცედურის დაწყებამდე განხორციელებული ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია შეინახოს სათანადოდ. ასევე დანამატის ზღვრული ოდენობით გაცემისთვის, შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია.