ატმოსფეროს ჭავლური დინებები იმდენად ქაოსური გახდა, რომ ვან გოგის ნახატს დაემსგავსა — #1tvმეცნიერება
ატმოსფეროს ჭავლური დინებები იმდენად ქაოსური გახდა, რომ ვან გოგის ნახატს დაემსგავსა — #1tvმეცნიერება

ჩვენს პლანეტას შემოხვეული აირის დინებები, კლიმატურ მეცნიერთათვის სულ უფრო ამოუცნობი ხდება.

ატმოსფეროს ჭავლური დინებების ქაოსური მახასიათებელი ზოგმა ვან გოგის ნახატსაც კი შეადარა.

ჩრდილოეთ ამერიკის თავზე არსებული ჭავლური დინების სამხრეთ ნაწილი მთლიანად დაიშალა და ამჟამად მომწყვდეულია სასტიკ ბრუნვაში, რამაც დიდი სითბური ტალღა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ აირის დინებებისთვის გაჩერება, გახლეჩა, ხელახლა გაერთიანება და საპირისპირო მიმართულებით დინება ნორმალურია, საშუალოდ, ეს ტროპოსფერული ნაკადები, როგორც წესი, საკმაოდ უწყვეტია დიდ მანძილებზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

ამჟამინდელი დანაწევრება სპეციალისტების მიერ აქამდე ნანახისგან დიდად განსხვავებულია.

„როდესაც ამ ჭავლურ დინებას ვუყურებ, სიტყვა გონებაში „არანორმალური“ მომდის. ეს კონფიგურაცია, რასაც სავარაუდოდ აძლიერებს კლიმატის გათბობა, იმდენად რეკორდულ, ექსტრემალურ სითბურ გუმბათს კვებავს, რომ ექსპერტებიც კი გაოცებული არიან“, — წერს მეტეოროლოგი ჯეფ ბერარდელი.

მის ტვიტს სწრაფად გამოეხმაურა კლიმატური მეცნიერი მაიკლ ი მენი. უკვე წლებია, ის პლანეტური ტალღების ქცევას სწავლობს და როგორც აღნიშნავს, მას იშვიათად უნახავს „ასეთი დაშლილი კონფიგურაცია“.

ცნობილია, რომ ჭავლური დინებები ხანდახან იბლოკება და გარკვეულ რეგიონში ამინდის სისტემას რამდენიმე დღით ადგილზე იჭერენ. თუმცა, როგორც გარკვეული მტკიცებულებები მიუთითებს, კლიმატის ცვლილებას ჩვეულებრივზე უფრო მეტი ასეთი ბლოკირების გამოწვევა შეუძლია, რადგან ის ჭავლურ დინებებს იმდენად ანელებს, რომ ისინი იშლებიან და დაბლა, მიწისპირზე ქაოსურ ამინდს იწვევენ.

როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება ახლა ჩრდილოეთ ამერიკაში და ამაში წვლილი მხოლოდ კლიმატის ცვლილებას როდი შეაქვს.

მენის განმარტებით, სიტუაცია სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამწვავა ელ-ნინიომ.

„გულახდილად ვიტყვი და მიჭირს ამჟამინდელი ფართო მასშტაბის პლანეტური ტალღის დახასიათებაც კი“, — წერს იგი.

არასპეციალისტსაც კი შეუძლია აშკარა სხვაობის დანახვა, თუ ჭავლური დინების ნორმალურ მახასიათებელს დღევანდელს შეადარებს.

შარშან ჩატარებული კვლევის თანახმად, არქტიკაში ტემპერატურის აწევა განსაკუთრებით ასუსტებს ჭავლურ დინებებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ამას გარდა, ელ-ნინიოს გამო, ამ დინებათა გზებმა შეიცვალა განედიც, რაც აშშ-ის სამხრეთ რეგიონებში სითბურ გუმბათს იწვევს.

მხოლოდ აშშ-ში, ამჟამად 40 მილიონი ადამიანია ძლიერი სიცხის პირობებში.

სითბური გუმბათის ცენტრი მექსიკის თავზეა მოქცეული, რამაც უკვე გამოიწვია ფრინველთა მასობრივი დახოცვა.

არ ჩანს რაიმე ნიშანი, რომ სითბური ტალღა მალე დასრულდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გუმბათმა შეიძლება ივლისამდე გასტანოს.

აქამდე, დედამიწის ატმოსფეროს უცნაური ჭავლური დინებები და მათი თანმხლები ექსტრემალური ამინდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც მომხდარა და სამხრეთშიც, მაგრამ როგორც წესი, ერთდროულად არა.

ექსპერტთა განცხადებით, ამჟამად, ჭავლური დინებები სამხრეთ ნახევარსფეროშიც ქაოსურია.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ჭავლურმა დინებამ ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში უჩვეულოდ ნალექიანი ამინდი გამოიწვია.

ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ წელს ერთი თვით ადრე იწყება ატლანტიკური შტორმების სეზონი.

ამასობაში, რეკორდულ ნიშნულებს აღწევს ზღვის ზედაპირის ტემპერატურა და არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ ნორმალურ მაჩვენებელს მალე დაუბრუნდეს. ამან უკვე გამოიწვია თევზების მასობრივი დახოცვა, ზღვის ძუძუმწოვართა მოწამვლა და ა. შ.

„უკვე ნათელია, რომ დედამიწის კლიმატის სისტემა ნორმალური მდგომარეობიდან გამოსულია და ეს ამბავი ძლიერ შემაშფოთებელია“, — წერს მკვლევარი სტივ ტარტონი.

სამწუხაროდ, კლიმატის კრიზისი უკვე მომავლის პრობლემა აღარ არის, ის ახლა ხდება, ჩვენს ცხვირწინ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.