დაბლობ სანაპირო ზონებში მცხოვრებლებს ალბათ სულაც არ გაუკვირდებათ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ზღვის დონემ საგრძნობლად აიწია. ასეთია NASA-ს შეფასება, რომელმაც ზღვის დონის თანამგზავრული გაზომვების 30-წლიანი მონაცემები შეისწავლა.
1993 წლიდან დღემდე, ზღვის დონემ 9,1 სანტიმეტრით აიწია. მხოლოდ 2021-დან 2022 წლამდე, წყლის დონემ ოკეანეში 0,27 სანტიმეტრით მოიმატა. შეიძლება პატარა ციფრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამბავი არც ისე კარგია.
ლა-ნინიას (ფენომენი, რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილს პერიოდულად აციებს) მსგავსი ბუნებრივი გავლენებით გამოწვეული ოდნავი ცვლილებების მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, ზღვის დონე აწევას განაგრძობს. გრძელვადიანი თანამგზავრული გაზომვების საფუძველზე, მეცნიერთა პროგნოზით, 2050 წლისთვის ზღვის დონის წლიური მატების მაჩვენებელმა 0,66 სანტიმეტრს უნდა მიაღწიოს.
NASA-ს შარშანდელი შეფასებით, აშშ-ის სანაპირო ზოლზე ზღვის დონემ 2050 წლისთვის შეიძლება 30 სანტიმეტრითაც აიწიოს. მსოფლიოს სხვა ნაწილებში სურათი შეიძლება უფრო უარესი იყოს.
ამ ყველაფერში დამნაშავეა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, რასაც იწვევს ჩვენ მიერ ატმოსფეროში სათბურის აირების, მაგალითად, ნახშირორჟანგის ჭარბი გაფრქვევა. კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ეფექტი აქვს, მაგრამ ისინი ყველაზე აშკარაა დედამიწის ყინულის საფარსა და მყინვარებზე.
მხოლოდ შარშან, ანტარქტიკის ყინულის საფარი საშუალოზე მეტად დადნა, ზაფხულის ტემპერატურის გათვალისწინებითაც კი.
საგრძნობლად შეიცვალა გრენლანდიის ყინულის საფარის სტაბილურობა და დღეისათვის, ზღვის დონის აწევაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მას შეაქვს. იმიტომ, რომ გრენლანდიიდან ჩამონადენი ნადნობი წყალი ოკეანეში ჩადის, გათბობა კი ზღვის წყლის მოცულობის ზრდას იწვევს. შედეგად ვიღებთ ზღვის დონის აწევას, რომელიც ზღვის ზედაპირის სიმაღლეზე სხვა ბუნებრივ ეფექტებს აჭარბებს.
ოკეანის დონის განსაზღვრის ყველაზე საუკეთესო და ზუსტ გზას თანამგზავრებზე არსებული ინსტრუმენტები გვთავაზობს.
ამერიკულ-ფრანგულმა მისია TOPEX/Poseidon-მა ზღვის ზედაპირის სიმაღლის გაზომვა 1993 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ზღვის დონეზე დაკვირვებები გააგრძელა NASA-ს, ESA-ს და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) სხვადასხვა მისიამ.
ისეთი სამეცნიერო ინოვაციები, როგორიც არის რადარი ალიმეტრები, ზღვის დონეს კიდევ უფრო ზუსტად ზომავს. ზღვის დონის სიმაღლის გამოსათვლელად, ისინი ოკეანის ზედაპირს მიკროტალღურ სიგნალებს ასხივებენ და შემდეგ, უკან არეკლილსაც იწერენ. ამის შემდეგ, განსაზღვრავენ, რა დრო დასჭირდა სიგნალს თანამგზავრიდან დედამიწამდე მისაღწევად და უკან დასაბრუნებლად; ასევე დგინდება უკან დაბრუნებული სიგნალის სიძლიერე.
„ჩვენ წინაშეა ბოლო პერიოდში ზღვის დონის აშკარა მატება და გვაქვს უკეთესი პროგნოზი, რამდენად და რა სისწრაფით გააგრძელებს ოკეანე აწევას, რადგან NASA უკვე ათწლეულებია, ოკეანეებს აკვირდება. ამ მონაცემების სხვა დანარჩენთან შედარების შემდეგ, შეგვიძლია გავიგოთ, რატომ იწევს ოკეანე მაღლა“, — ამბობს NASA-ს დედამიწის მეცნიერებათა განყოფილების დირექტორი კარენ სენტ-ჯერმენი.
თანამგზავრების მიერ 30 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები არა მხოლოდ გრძელვადიან ტენდენციას აჩვენებს, არამედ მეცნიერებს ბუნებრივად მომხდარ მოკლევადიან ცვლილებებსაც უჩვენებს.
„ასე ვადგენთ ტენდენციებს, რომლებიც გვეუბნება, საით მიემართება ზღვის დონე“, — ამბობს NASA-ს მეცნიერი ბენ ჰამილგტონი.
ასეთ გაზომვებს თან ახლავს მიწისპირიდან თითქმის საუკუნის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებები და ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის გრძელვადიანი გაზომვები. ყინულის მასისა და ხმელეთის მოძრაობის გაზომვები მეცნიერებს უკეთეს წარმოდგენას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ იწევს ზღვის დონე.
ყველა ეს ფუნდამენტური დაკვირვება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ეფექტების გასაგებად. ასევე აძლევს მიმართულებას სანაპირო ზოლებში მცხოვრები საზოგადოებისთვის მისაწოდებელ სერვისებს. არსებობს ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა მოემზადონ ზღვის დონის აწევისთვის.
რადგან ზღვის დონის აწევა გრძელდება, სულ მცირე 800 მილიონი ადამიან დგას წყლის დონის სულ მცირე ნახევარი მეტრით აწევის საფრთხის წინაშე. ზღვის წყლის გამუდმებული შეჭრით განსაკუთრებით დაზარალდებიან ისეთი ქალაქები, როგორებიც არის მაიამი, ნიუ-იორკი, ბანგკოკი, შანხაი, ლიმა, კეიპტაუნი და ა. შ.
აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აშშ-ის სანაპირო რეგიონებში ცხოვრობს. მდებარეობს დიდი ნავსადგურები, რეკრეაციული ზონები და სხვა ინფრასტრუქტურა. ზღვის დონის აწევა საფრთხეს ასევე უქმნის ველური ბუნების პოპულაციებს, დელტა რეგიონებს, ჭაობებსა და ჭარბტენიან ზონებს.
ზღვის დონის აწევა მხოლოდ ერთ-ერთია კლიმატის ცვლილების სხვა მრავალ ეფექტს შორის. სწორედ ამიტომ, თანამგზავრები არა მხოლოდ ზღვის დონის მატებას აკვირდებიან, არამედ ატმოსფეროში ისეთი აირების კონცენტრაციასაც, როგორიც არის ნახშირორჟანგი.
„ატმოსფეროში ჩვენ მიერ გამოყოფილი სათბურის აირების მონიტორინგი გვეუბნება, რა დიდ ზეწოლას ვახდენთ კლიმატზე, მაგრამ ზღვის დონის აწევა გვიჩვენებს, რამდენად გვპასუხობს ის ამაზე. ასეთი გაზომვები კრიტიკული საზომია იმისა, თუ რამდენად ცვლის ადამიანი კლიმატს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავათა ლაბორატორიის (JPL) ოკეანოლოგი ჯოშ უილისი.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.